მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ენმ-ს კიდევ 20 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.
ცნობილია, რომ ფრაქცია "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერენ კომისიის შექმნას და მის მუშაობაში მონაწილეობასაც აპირებენ.
"გირჩს" თავის პირობები აქვს - როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, საკითხს მხარს დაუჭერენ იმ შემთხვევაში, თუ "ქოცების მოსყიდულებს" არ დაუძახებენ და როცა მათაც დასჭირდებათ საგამოძიებო კომისია, ენმ-სგან მხარდაჭერას მიიღებენ. თუმცა, "გირჩი" არ აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს გახარიას "საქართველოსთვის", რაც შეეხება მმართველ პარტიას, როგორც "ოცნებაში" ამბობენ, ენმ-ს ხმებით არ დაეხმარებიან, თუმცა თუ შეიქმნება კომისია, მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას და დაამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
ენმ-ს მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტების შესასწავლი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე წინადადება პარლამენტში უკვე შეტანილი აქვს. მას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.