საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს. ისინი თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ჯგუფის წევრებმა საქართველოში 6 შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელთა ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრი მოაწყვეს.
"ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლითაა დაწყებული, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.