
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატი ამბობს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
როგორც ალექსანდრე მგელაძემ აღნიშნა, დავით კირკიტაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
"არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების არც ფორმალური არც საპროცესო გამოყენების არავითარი საფუძვლები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა 5 000 ლარის ოდენობა და გადასახდელად 20 დღის ვადა განუსაზღვრა. აღნიშნული დაცვის მხარის მიერ აუცილებლად გასაჩივრებული იქნება კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - თქვა ადვოკატმა.
პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის წევრს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლო სხდომას თავად კირკიტაძეც ესწრებოდა, თუმცა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ ენმ-ის წევრისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.
დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ 4 თვის წინ მომხდარ ინციდენტზე მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება.