ინფორმაცია, რომელიც "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა საერთაშორისო წყაროებიდან და რომელზეც ბოლო სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა.
გეგმას, პირობითად შეიძლება ვუწოდოთ "როგორ აპირებს დამარცხებული პუტინი სახის შენარჩუნებას".
ანუ მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი ომის და სამხედრო ოპერაციის დაწყება უკრაინაში პუტინს ამ ეტაპზე არ გამოუვიდა მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთიანი და მტკიცე პოზიციის გამო, ახლა კრემლის ლიდერი საკუთარი იმიჯის გადარჩენას, სავარაუდოდ, შემდეგი გზით შეეცდება:
კრემლი გეგმავს აღიაროს დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა, როგორც თავის დროზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის. თუმცა პუტინი არ წავა ამ რეგიონების ანექსიაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის ქვედა პალატაში უკვე შესულია, კომუნისტთა ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს, მაგრამ კრემლი არ აპირებს შემოიფარგლოს უკრაინით და მთავარი ფოკუსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადმოიტანს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაჩქარებული ტემპებით ჩატარდება რეფერენდუმი, როგორც ეს ყირიმში 2014 წელს მოხდა, რაც დასრულდება ცხინვალის რეგიონის ანექსიით და ორი ოსეთის გაერთიანებით. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის სათათბიროში უკვე დევს რეზოლუცია, რომელიც დუმამ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე მოამზადა.
რაც შეეხება აფხაზეთის მიმართულებას, კრემლი ვერ შეძლებს მის ანექსიას, რადგან ამას აფხაზების მხარდაჭერა არ აქვს. სამაგიეროდ, გადმოიწევს ე.წ. საოკუპაციო ხაზი და რუსული ბლოკპოსტები იმგვარად განლაგდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილში მოხვდება ანაკლია. ამას გარდა, შესაძლოა, საოკუპაციო ხაზი იმგვარად გაივლოს, რომ რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდება ენგურჰესის ის ნაწილიც, რომელიც დღეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰეს 1 დღეს მთლიანად რუსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, ამიტომაც, ელექტროენერგია ნაწილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც და ჰესი ორმაგი კონტროლის ქვეშაა. თუ ახალი საოკუპაციო ხაზი იმგვარად გაივლება, რომ საქართველოს კონტროლიდან გავა ენგურჰესის კაშხალი, საქართველო უმწვავეს ენერგეტიკულ კრიზისში აღმოჩნდება.
იხილეთ ასევე: