მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, სათანადო სამედიცინო დახმარება და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი - დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს სრულად პარლამენტის უფლებამოსილებაა. 

დეგნანმა განმარტა, რომ ახლა მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიმართ სათანადო მოპყრობა განხორციელდეს. ელჩის თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

"მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები კომისიის შექმნის და ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება მართლმსაჯულებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა საჩივარი გააგზავნა ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას. ჩვენი პოზიციაა, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, მოხდეს სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, თუ ამის საჭიროებაა და ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპით",- ამბობს კელი დეგნანი. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს დღეს მიმართა.

თუ კომისია შეიქმნება, ჯგუფის წევრებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ. დეპუტატებს სურთ დამნაშავეების იდენტიფიცირება  და ბრძანების გამცემი საჯარო მოხელეების დასაჯა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი". "გირჩს" საკუთარი პირობები აქვს, "საქართველოსთვის" წევრები კი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ. ინიციატივას სულ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი