"უფრთხილდი საქართველოს" - ებრაელი ინვესტორების გაფრთხილება მსოფლიოს

გამოქვეყნდა:

ებრაელი ინვესტორები საკუთრებას, რომელშიც ფული გადაიხადეს, დღეს მხოლოდ ფოტოზე უყურებენ. საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო ორი სართული, სადაც ინვესტორებმა ფული ჩადეს და სასტუმროს გახსნას აპირებდნენ, ქართულმა სამშენებლო კომპანიამ სხვაზე გაყიდა. ახლა ინვესტორებს, არც ფულს უბრუნებენ და არც ფართებს უკანონებენ. 

პროექტ "გალილეო ბათუმის" მშენებლობა კომპანია "კალატოზმა" ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ებრაელმა ინვესტორებმა მასში ფულის ჩადება გადაწყვიტეს. პირველი 120 ათას დოლარიანი ტრანსფერი ისრაელიდან მალევე წამოვიდა. ამას მოჰყვა სხვა მოთხოვნებიც, მშენებელი კომპანია სხვადასხვა მიზეზით ინვესტორებს ფულის დამატებას ხშირად სთხოვდა. საბოლოოდ, თანხა 300 ათას დოლარამდე ავიდა. ინვესტორებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ ფართები, რომლებშიც მათ ფული გადაიხადეს, შპს "კალატოზმა" მეორედ გაასხვისა.

ებრაელმა ინვესტორებმა დახმარება იურისტ მოშე საფირს სთხოვეს, რომელსაც ორმაგი მოქალქეობა აქვს და ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე, ებრაულ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში ეხმარება. მოშე საფირი ღიად აცხადებს, რომ საქმე აშკარა თაღლითობასთან აქვს. 

ბოლქვაძესთან ოფისში მივედით. "შაბათის მთავარის" მიერ დასმულმა შეკითხვებმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ძალიან გააბრაზა. 

"მთავარის" ინფორმაციით, ბოლქვაძე, სწორედ თაღლითობის გამო, ყოფილი ხელისუფლების დროს იძებნებოდა და ქვეყნიდანაც იყო გაქცეული. 2013 წლის შემდეგ ბათუმში დაბრუნდა და სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. მისი ძმა, ბუბა ბოლქვაძე სწორედ ამ დროიდან ხულოს რაიონში უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ებრაელი ინვესტორების ადვოკატი "მთავარ არხს" უყვება, რომ პირადი საუბრების დროს მერაბ ბოლქვაძეს გავლენიან პატრონებზე არაერთხელ ულაპარაკია. 

ის, რომ თაღლითობა და კორუფცია საქართველოში სწორედ ხელისუფლების მიერ არის წახალისებული ინვესტორებს ეჭვი აღარ ეპარებათ. ამბობენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში არც ერთი პროექტი ქრთამის გარეშე არ ხორციელდება. თუმცა, ქრთამიც წარმატებული ბიზნესის გარანტი არ არის. ინვესტორებს ატყუებენ, ფულს სძალავენ და ძარცვავენ. ებრაელი ინვესტორების ადვოკატი "შაბათის მთავარს" უყვება, რომ ისრაელში უკვე დაიწყო მოძრაობა სახელწოდებით "უფრთხილდი საქართველოს" და ამ სლოგანის გატანას ებრაელი ინვესტორები მთელ მსოფლიოში აპირებენ.

სქემა მარტივია - უცხოელ ინვესტორს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადება უნდა, გაურკვეველი მიზეზით უარს ეუბნებიან. უარს ეუბნებიან იმ დრომდე, ვიდრე ინვესტორი შუამავალს არ მოძებნის, რომელიც ეტყვის, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს. 

საქართველოდან რომ ინვესტორები გარბიან, ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი. მსგავსი მაგალითები ფადი ასლის ბევრი აქვს. დარწმუნებულია, რომ კორუფციისა და თაღლითობის უკან, ქვეყნის ფაქტიური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას.

სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკა მუშაობს. ქრთამმა და კორუფციამ ისე დაიდგა ფესვები ყველა რგოლში, რომ ამის გარეშე საქართველოში საქმე აღარ კეთდება. კეთილსინდისიერი ინვესტორები გარბიან, ქვეყანა კი იმ შემოსავალს კარგავს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი