სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა.
ჩუბინიძე დღეს პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობით, დასაკითხად იყო დაბარებული, თუმცა სდსს-ს უფროსმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ იყო მისი დაკითხვა მნიშვნელოვანი და აღნიშნეს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებები იმ წარმომადგენლობით ხარჯებსაც უკავშირდებოდა, რომელიც ჩუბინიძის ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშია გაწეული.
პროკურორები თავის მხრივ ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმეზე სდსს-ს ხელმძღვანელის დაკითხვა "რელევანტური არ იყო".
მხარეებს შორის დისკუსიის შემდეგ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებდა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მიმართა ანზორ ჩუბინიძეს, ხომ არ შეცვალა გადაწყვეტილება და ხომ არ მისცემდა ჩვენებას სასამართლოს, რაზეც სდსს-ს უფროსმა უპასუხა:
"მე ვრჩები ჩემი განცხადების ერთგული და არანაირი სურვილი არ მაქვს აქ მონაწილეობის", - თქვა ანზორ ჩუბინიძემ, შემდეგ კი სასამართლო სხდომათა დარბაზი დატოვა.
ასევე იხილეთ: