მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ - ასე მიმართა სდსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ჯანაშიამ მოქმედს - ანზორ ჩუბინიძეს, რომელმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე დღეს უარი თქვა.
თემურ ჯანაშიამ მისი მუშაობის 20 წლიანი პერიოდი გაიხსენა, მათ შორის ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ორივე ტერაქტი და იქ დაღუპული დაცვის თანამშრომლები:
"ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ის, რომ მე სდსს-ში ვმუშაობდი 20 წელი და არავის არ მივცემ უფლებას, ჩირქი მოსცხოს ამ სამსახურს
ჩემი მოტივაციაა დავადასტურო, რომ ისევე როგორც ჩემამდე, ჩემს პერიოდშიც და ჩემს მერეც, სდსს-ში კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იყო და იგი მოქმედებდა თავისი კანონისა და კონსტიტუციის დაცვით.
მე ამ სამსახურში ვიმუშავე დიდი ხანი. მყავდა მეგობრები, მათ შორის დღევანდელი დღე არის ჩემთვის ყველაზე სიმბოლური და მძიმე. 9 თებერვალი - პრეზიდენტს შევარდნაძეზე ტერაქტის დროს, დაგვეღუპა 2 მებრძოლი. ერთი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი - კახა შევარდენიძე პირადი დაცვიდან, მეორე დათო კოკაური - სპედანიშნულების ქვედანაყოფიდან...
მე დღეს მრცხვენია, როდესად სდსს-ს უფროსი იქცევა ასე, არ უდგას გვერდში თავის ყოფილ თანამშრომლებს, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამ, ეს იქნება რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებს, ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ასე ვეთამაშოთ საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სდსს ვერ ჩამოირეცხავს. მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ეს იქნება დიდი სირცხვილი, რომელიც თქვენც შეგარცხვენთ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით, ეს არის სიმართლე" მიმართა ჯანაშიამ ჩუბინიძეს.