დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრებიდან დღეს 5 წელი გავიდა. დღეს ის გლდანის ციხეში ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის მარჯვენა კიდურებს პრაქტიკულად ვერ ამოძრავებს.
ის ეტლით გადაადგილებასაც ვეღარ ახერხებს და შეხვედრების ოთახში საკაცით ჩაყავთ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახმა სასჯელის გადავადებაც ითხოვა, თუმცა უარი მიიღო.
ადვოკატს გამოძიებასთან პრეტენზია სუს-ის კრებსების გამოუძიებლობის გამოც აქვს. მისი თქმით, ჩანაწერებით დგინდებოდა, რომ მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია.
"რაც უფრო გვიანდება მისი მკურნალობა, უფრო მძიმდება ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ კიდურების აღდგენა ვეღარ მოხდება, შემიძლია გითხრათ, რომ მარჯვენა კიდურები კვლავ პარალიზებული აქვს და ელემენტარულად კიდურებს არა თუ იყენებს, შეგრძნების უნარებიც დაქვეითებული აქვს ამ კიდურებზე.
ჩამოიყვანეს ე.წ. საკაცით, იმიტომ, რომ ეტლში ჩაჯდომაც არ შეუძლია. ის არ არის პიროვნება, რომელსაც უკანონო ტყვეობით გატეხავენ ფსიქოლოგიურად, შესაბამისად ის კვლავ მხნედ არის და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს", - ამბობს ადვოკატი.
მისივე განცხადებით, 15 და 16 რიცხვებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვაა ჩანიშნული. ადვოკატები დაცვის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებენ.
ე.წ. ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გასაჩივრებულია.