ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო - "პირველი არხის" ოპერატორის ჩვენება 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით თბილისი საქალაქო სასამართლოში დაზარალებული ჟურნალისტები იკითხებიან. მოწმეთა სიაში "მთავარი არხის" "ფორმულას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტები არიან. 

სასამართლოს წინაშე ჩვენება უკვე მისცა პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელსაც 5 ივლისის შემდეგ მხედველობის პრობლემები შეექმნა და თვალზე მძიმე ოპერაცია დასჭირდა - "ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო" - თქვა ილია თვალიაშვილმა.

მან დეტალურად გაიხსენა 5 ივლისის დღე:

"ნელა-ნელა უკან უკან ვიწევდი, რა დროსაც ამ ჯგუფმა თუ რა შეიძლება დავარქვა, მე ვერაფერს ვერ ვუწოდებ, რაც არის და ვინც არიან, შემითრიეს თავისკენ, ძირს დამაგდეს და რავიცი რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი ტანზე, ზოგი კიდევ თვალებს მთხრიდა. მეუღლე ორსული მყავდა მაგ პერიოდში, გონზე რომ მოვედი პოლიციის მანქანაში, რაციაში ისმოდა წივილ-კივილის ხმა, ფაცია ყვიროდა ჩემი ოპერატორი მომიკლესო, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია ჩემი ოპერატორი, მკვდარი არისო, მიშველეთო, ოღონდ ეს ჩვეულებრივი ადამიანის ყვირილი და ტირილი არ იყო, ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი ორსული მეუღლე რომ ამას მოისმენდა რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა", - თქვა ილია თვალიაშვილმა სასამართლოზე.

მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტი ანი ფაცია ყვება, რომ მასაც ჩაარტყეს, ესროდნენ წყლის ბოთლებს.


სასამართლოში ამ წუთებში "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი იკითხება - "ამ ადამიანების აღქმაში ჩვენ ვიყავით მტრები და ჩვენ ვიყავით დასასჯელები.... ყველა მხრიდან რაღაც ცვიოდა, რაღაცას გვესროდნენ. მაიკა შემომახიეს, სახეში შემაფურთხეს, მუცელში წიხლი ჩამარტყეს". 

მოგვიანებით ჩვენებას მისცემს კიდევ ერთი ჩვენი ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე. 

ბრალდების მხარეს დღევანდელ პროცესზე სულ 9 მოწმე ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან, როგორც განსასჯელები, ისე მათი ადვოკატები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი