აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის შეტევა უკრაინაზე სავაურაუდოდ საჰაერო იერიშით დაიწყება, რაც კომერციულ საჰაერო/სარკინიგზო კავშირებს დახურავს.
ამის შესახებ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თქვა ისიც, რომ "რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას, როგორც კი პუტინი ამის ბრძანებას გასცემს".
სალივანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ შეჭრა შეიძლება ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს.
"ჩვენი დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ შეჭრა შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობისას მოხდეს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს, დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება" - ამბობს სალივანი.
ის უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ დატოვონ.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, თუმცა, რისკი ძალიან მაღალია და მუქარაც იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს, - აცხადებს სალივანი.
მანამდე, უკრაინის დატოვებისკენ აშშ-ის მოქალაქეებს თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.
სალივანის თქმითაც, როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ რუსეთისთვის პასუხის გაცემისთვის მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში - იქნება ეს დიპლომატია თუ უკრაინაში შეჭრა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი პრესკონფერენციის დაწყებამდე მოკავშირეებს უსაფრთხო ვიდეო კონფერენციის ხაზით ესაუბრა.
რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას - ეს განცხადება კი მანამდე სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.