
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით "ვიდეოქოლით" ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს, რას იზამენ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ სამხედრო ძალების გაძლიერების გამო და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, - აცხადებენ თეთრ სახლში.
საუბარში მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
ცოტა ხნის წინ, სწორედ ამ სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
მისი თქმით, "რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას, როგორც კი პუტინი ამის ბრძანებას გასცემს".
სალივანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ შეჭრა შეიძლება ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს.
ის უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ დატოვონ.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, თუმცა, რისკი ძალიან მაღალია და მუქარაც იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს, - აცხადებს სალივანი.
მანამდე, უკრაინის დატოვებისკენ აშშ-ის მოქალაქეებს თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.
სალივანის თქმითაც, როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ რუსეთისთვის პასუხის გაცემისთვის მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში - იქნება ეს დიპლომატია თუ უკრაინაში შეჭრა.
რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას - ეს განცხადება კი მანამდე სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა ავსტრალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.