დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ამბობს, რომ ის აპირებს დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
დენის პუშილინის თქმით, კიევი დონბასში მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული მძიმე შეიარაღების მობილიზებას განაგრძობს და იზრდება უცხოელი ინსტრუქტორების რაოდენობა.
"ასეთ ვითარებაში იძულებული ვართ, ნებისმიერ წუთს ვიყოთ მზად, რომ უკრაინა გადამწყვეტ მოქმედებაზე გადავა. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინას დასავლეთმა ასეულობით ტონა შეიარაღება მიაწოდა. გარდა ამისა, დაქირავებული მებრძოლები და ინსტრუქტორები ქმნიან დამატებით საფრთხეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, მაგრამ რუსეთის დახმარებაც დაგვჭირდება", - თქვა დენის პუშილინი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს. ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსული გეგმით, რომელსაც კრემლში ამუშავებენ, მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინაზე მასიური ავია-იერიშები განახორციელოს.ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს 48 საათში ქვეყნის დატოვების რეკომენდაციას აძლევს.
ცნობილია სამხედრო მოქმედებების დაწყების სავარაუდო დროც, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა, მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მიიტანოს.