ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩატარდება სასამართლო პროცესი.
ეთნიკურად ჩეჩენი მამაკაცი, საქართველოში ოთხი თვის წინ ჩამოვიდა და ქავთარაძეზე ქირით ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა, პარალელურად, სპეცოპერაცია ჩაატარეს პანკისშიც, სადაც ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს.
პანკისში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ორი პარალელური ოპერაცია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება და სამართალდამცველები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც გამოძიებით დადგინდა, რომ მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია.
ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებულის ვინაობა და ბრალდების შინაარსი ამ დრომდე საიდუმლოა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დუისში, ხასო ხანგოშვილის სახლში ჩხრეკა სამართალდამცავებმა 12 ივნისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად ჩაატარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.