"მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა" - ქართული დელეგაცია ბრიტანეთიდან დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

მოუწია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ლორდთა პალატაში მძიმე კითხვებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე პასუხის გაცემა - საპარლამენტო დელეგაციის წევრები, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდან გვიან ღამით დაბრუნდნენ, აცხადებენ რომ ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილზე კითხვა არავის დაუსვამს.

თავად შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა.

"არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხების განხილვა", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე.

რაც შეეხება საუბრის თემას - დელეგაციის წევრების თქმით, ბრიტანეთი დაინტერესდა, ​რატომ ვერ გაბედა რუსეთის ხსენება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებამ.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება და აქცენტები დღეს გადატანილია რუსეთის აგრესიის არდაშვებაზე უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს დემოკრატია არის ბრიტანეთის ინტერესში და ის წუხილები და კითხვები, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ ეწერა, ამაზე ძალიან ღიად გვკითხეს ორივე ანალიტიკურ ორგანიზაციაში და დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოლიტიკა აქვს ქართულ ოცნებას რუსეთის მიმართ", - ამბობს პარლამენტის რეფორმების ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გასულ კვირას ლორდ რიჩარდ ჰარისისგან წერილი მიიღო, სადაც ლორდთა პალატის გავლენიანი წარმომადგენელი პირდაპირ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მსჯელობა მესამე პრეზიდენტის საქმეზე ბრიტანეთის მთავრობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი