კობახიძის თქმით, ლონდა თოლორაიას სარჩელს "პერსპექტივა არ აქვს"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს "პერსპექტივა არ აქვს".

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებს, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების შერჩევა, კობახიძე აღნიშნავს, რომ თოლორაიას სარჩელი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგს "ვერ განაპირობებს".

"სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლითაც ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

სარჩელი როდის განიხილება ეს არავინ იცის. პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, პირველ მარტს უკვე უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური. ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს. ვადების თანახმად, პირველ მარტამდე უნდა იყოს ორივე სამსახური ამოქმედებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ლონდა თოლორაიას სარჩელს დაჩქარებულად ისევ უცნობია. დრო ცოტაა, თუმცა სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, საქმის განხილვის დასრულებამდე სადავო ნორმები შეაჩეროს, რომ პარლამენტს პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას არ გააკეთებს, 1-ლი მარტიდან ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება შეუწყდება, აღარ იარსებებს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად ხელისუფლებას დაქვემდებარებული ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები ამოქმედდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი