
"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე აცხადებს, რომ დღეს საღამოს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუჩერებენ თუ არა საპარლამენტო მანდატს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას:
„დღეს 3 დეპუტატთან მიმართებით მესამედ განიხილება ასეთი საკითხი. საღამოს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მანამდე რაღაც კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება. უმრავლესობა საღამოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაწერეს შესაბამისი განცხადებები და აცდენდნენ სხდომებს, ჩვენ 2-ჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება 60 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამივე დეპუტატისთვის, მანდატის შეჩერებას გასულ კვირას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.