საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის სხდომა | კალიურანდი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის 10 თებერვლის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის სხდომის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროპარლამენტარი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებში კვლავ ძალიან მაღალია. 

ევროპარლამენტარი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოახდინოს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სიტუაცია გასაუმჯობესებელია გარკვეულ სფეროებში, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

დოკუმენტში საუბარი შეეხო 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც. ევროპარლამენტარის თქმით, მოვლენები მაგალითია იმისა, რომ ლგბტ თემის წევრთა მდგომარეობა ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა. ის იმედოვნებს, რომ ძალადობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გასამართლდებიან.

"ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმა კანონით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, LGBTQI+ პირთა მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამის ტრაგიკული მაგალითია 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმა, რომელმაც ღირსების მარშის გაუქმება გამოიწვია. ამ შემთხვევაში ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და მონაწილეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გასამართლდებიან",-წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა შეშფოთება გამოთქვა 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო აღნიშნული, ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და დიპლომატების მოსმენებზე.

"შეხვედრისას შეშფოთება გამოვთქვით 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ეუთო/ოდირის 
სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში იყო აღნიშნული. მოსამართლეების დანიშვნის უწყვეტ პროცესზე უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე და საკონსტიტუციო რეფორმების ნელ ტემპზე​. ჩვენ შევახსენეთ, რომ დაპირებულმა გამოძიებამ საქართველოს საზოგადოების ფართო ნაწილის და დიპლომატების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მოსმენების შესახებ, ახლო მომავალში, მკაფიო პასუხი უნდა გასცეს გაჩენილ კითხვებს",-წერია განცხადებაში.

კალიურანდი განცხადებაში "ღრმა მწუხარებით" აღნიშნავს, რომ პოლარიზაცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება და ევროპარლამენტი მზად არის ჟან მონეს დიალოგის ფორმატში მონაწილეობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი