თბილისი მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებს და სამგორში, სახლების მოსალოდნელ დემონტაჟს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ბევრი პროვოკაციული ინფორმაცია ვრცელდება და ცდილობენ, მერიას ის დააბრალონ, რასაც არასდროს გააკეთებენ - "გვერდით არ გადადებენ ადამიანის ინტერესებს".
კალაძემ ტელევიზიებსაც მიმართა და თქვა, რომ ისინი "უკანონობას ახალისებენ".
"უკანონოდ სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მინდა მივმართო ასევე ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით, რას აკეთებთ, თქვენ ახალისებთ პირდაპირ უკანონობას. ხვალ ზეგ თქვენთან მოვლენ, თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქალაქში უკანონობა ვერ დაკანონდება და ყოველთვის ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კახი კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც "მართლა უსახლკაროა" და არანაირი ქონება არ გააჩნია, ჯერ ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სპეციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისგან საცხოვრებელი გადაეცემათ.
ამასთან, კალაძის თქმით, მოქალაქეებს საშუალებას მისცემენ, დემონტაჟი საკუთარი ძალებით განახორციელონ, რათა შემდეგ ამ მასალის გამოყენება შეძლონ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა აფრიკის დასახლებაში 4 ოჯახი საცხოვრებლის დემონტაჟის მოლოდინშია. ისინი სამგორის გამგეობაშიც მივიდნენ და კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ოჯახი ამბობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში რჩება.