
"სტრატეგია აღმაშენებელმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს კანდიდატს არ დაუყენებენ, სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რა სახით იქნებიან ამ პროცესში ჩართულები - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ენმ-სთან ერთად, საერთო კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანია, ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ და რანაირად მიიღებს "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას, როგორც მინიმუმ კომისიის წევრებით, ამ და სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, სატელეფონო საუბარი რა თქმა უნდა, გვქონდა ბადრი ჯაფარიძესთან. იმედი მაქვს, რომ გვექნება სწორი გადაწყვეტილება რუსთაველების მხრიდან... გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუნდაც, შუალედურ არჩევნებში საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები", - განაცხადა ვაშაძემ.
ბადრი ჯაფარიძეს მხარს უჭერს და კანდიდატს არ აყენებს ენმ. სავარაუდოდ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს "დროაც".
ჯაფარიძის კანდიდატურა 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ლელომ მას შემდეგ დაასახელა, რაც "ოცნების" პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.