ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან" დაკავებულ ენმ-ის წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს დაზიანებები თავისა და მხრის არეში აქვს მიღებული. ის ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის წარმომადგენელმა, ლევან ანთაძემ აღნიშნა, ბაგრატიონი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ პოლიციელებს ჰკითხა, ვის დასაცავად იყვნენ ადგილზე მისული.
"უტარდება კვლევები. მათ შორის, გადაიღეს მხრის რენტგენი და აქვს მხრის სახსრის დაზიანება. დარტყმული აქვს თავი და სიმტპომების მიხედვით გადაწყდება, დარჩება საავდმყოფოში, გაეწერება თუ წაიყვანენ, როგორც იცით, დაკავებულია. დაუსვა კითხვა, რომ რისთვის იყვნენ იქ და ვის იცავდნენ, ამ კითხვისთვის ის დააკავეს და ამის შემდეგ 10-მა ადამიანმა ფაქტობრივად ძალით ჩატენეს მანქანაში, თავის ტრავმაც ამ დროს მიიღო", - თქვა ლევან ანთაძემ.
ცნობისთვის, პარტიის წარმომადგენლები დღეს სასტუმრო ჰილტონში მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. ისინი კობახიძესთან შეხვედრას და გარდაცვლილი დეპუტატის საქმესთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვდნენ, თუმცა პოლიციელებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის და, ნაზი ფუტკარაძეც, რომელიც პოლიციელებთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა.
ჯამში პოლიციამ ენმ-ის 6 წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები.
მომხდართან დაკავშირებით კობახიძემ თქვა, რომ "რაც გამოსაძიებელია, გამოძიებული უნდა იყოს", თუმცა მისივე თქმით, "სპეკულაციები მიუღებელია.
ამავე თემაზე: