
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. "ყველაფერი რასაც ვხედავთ იმაზე მეტყველებს, რომ ეს სერიოზულია, ჩვენ შეჭრის ზღვარზე ვართ"-თქვა მან.
უკრაინის საზღვართან გავნვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო აგრესიაზე ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინასთან ახლოს სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება კიდევ ერთი ნიშანია, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭერელად ემზადება. ბლინკენის თქმით, აშშ გააგრძელებს მცდელობას დიპლომატიური გზების მოსაძებნად. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში" მზად არის პუტინთან ისაუბროს.
დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 18 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ.