ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები - ეუთო/ოდირის დასკვნა და რეკომენდაციები

გამოქვეყნდა:

ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებლ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწვევით მოამზადა. გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით ეუთო/ოდირს ომბუდსმენმა 2022 წლის 2 თებერვალს მიმართა:

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს
ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.

2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას.

ეუთო ოდირის შეფასებით საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური
ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა
გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე - ნათქვამია ომბუდსმენის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეუთო ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაციაც წარმოადგინა , მათ შორის აღსანიშნავია:

აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;

იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;

ეუთო ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება,
რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.

ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს.

საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია. " ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ინსპექტორის სამსახური ოფიციალურად 1-ლი მარტიდან უქმდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი შეაჩეროს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედება.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი