
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე ინტენსიური სროლა ამ დრომდე გრძელდება. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, საოკუპაციო ძალები უკრაინელი სამხედროების მისამართით ნაღმტყორცნებიდან ისვრიან და ცდილობენ, უფრო მეტი ტერიტორია დაიკავონ, რაც მისივე თქმით, ომის განაცხადია.
"მასიურად შევიდა ტექნიკა დონეცკსა და ლუგანსკში, რუსული არმია. ავტომატით და პულიმიოტით ბრძოლა აღარ მიდის, მიდის ნაღმტყორცნებით 85-იანი, 120-იანი და შემდეგ უკვე გრძელდება "გაუბიცებით" და ე.წ. საუებით, თვითმავალი ქვემეხებით სროლა. მაგათ ძირითადად აინტერესებთ მარიუპოლი, ბერდიანსკი და უფრო შიგნით რომ აიწიონ, ვერიტოპოლის მხარეს, რათა ყირიმში გასასვლელი ჰქონდეთ. ომის განაცხადია ეს უკვე ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეგენი მაგალითად სლავიანს ითხოვენ, სევეროდოროთზე მიიტანენ შეტევას, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარკოვს უახლოვდებიან. ეგენი წამოიწევენ წინ, არ უნდათ იმ ფარგლებში ჩაჯდნენ, რაშიც მაგალითად დღეს არიან", - ამბობს ვანო ნადირაძე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ასაღებად ემზადება. "უკრაინსკაია პრავდას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, რომ უკრაინული არმია მომდევნო მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოსალოდნელ რისკებზე გაფრთხილებულია და და სრულ მზადყოფნაშია. მიმდინარე პროცესების პარალელურად დაძაბულია ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც, სადაც უწყვეტი სროლების შედეგად დაბომბილია სამოქალაქო დასახლებებიც.
ამასთან, გუშინ, 22 თებერვალს საოკუპაციო ძალების თავდასხმას 1 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 23 თებერვლის 07:00 საათის მდგომარეობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 96-ჯერ დაარღვიეს.