"ეს იყო ქმედება, რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოში კანონის უზენაესობას" - დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამ ქვეყანაში კანონის უზენაესობას "ძირი გამოუთხარა".

ამ საკითხზე მან "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში ისაუბრა:

"გულდასაწყვეტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ისეთ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორებიცაა ინსპექტორის აპარატი, სახალხო დამცველი და აუდიტის სამსახური, უნდა გააჩნდეთ ავტონომია და შეასრულონ ე.წ. ვოჩდოგის როლი, სწორედ ესაა მათი მიზანი. მათ უნდა შეძლონ და დაიცვან ყოველი ქართველის უფლებები, ყოველგვარი გარე ჩარევისა თუ დაშინების გარეშე. ერთ-ერთი დიდი შეშფოთება, რომელიც ინსპექტორის აპარატის გაუქმებას მოყვა, უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებულ ფორმებს, ყოველგვარი კონსულტაციების გამართვის გარეშე, თავად სახელმწიფო ინსპექტორის მონაწილეობის გამორიცხვით. არ არსებობდა საფუძველი სახელმწიფო ინსპექტორის 6-წლიანი მანდატის შეწყვეტისათვის, ეს იყო ქმედება, რომელმაც ძირი გამოუთხარა საქართველოში კანონის უზენაესობას", - თქვა დეგნანმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შექმნა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას კი ლელა ჯანაშვილი. ორივე უწყება სწორედ 1 მარტს, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურად გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუწყია ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვა, რომელმაც ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი