"რიგგარეშე სხდომის გამართვის რეალური მიზანი უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა" - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ აპირებს მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ მოიწვია. 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის პრემიერის დაბარება, "პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება".

მისივე თქმით, სხდომის გამართვის რეალური მიზანი "არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია".

"გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. 
შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება", - თქვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამშაბათს, "პარლამენტის მორიგ პლენარულ სხდომაზე შეეძლებათ".

შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა სხდომის მოწვევის საკითხს გუშინ ხელი მოაწერა, თუმცა მმართველმა გუნდმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი