ოპოზიციის ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008-ში ვერ აირიდეს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციის ქმედებებს "მავნებლურს" და "არაფრისმომცემს" უწოდებს. 

მისი თქმით, "ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს".

"უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრისმომცემი. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 2008 წლის ომში, მაშინ, როდესაც გმირი ჯარისკაცები ომობდნენ თავგანწირვით, მაშინდელი ხელისუფლება, კარგად გახსოვთ ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული, აჩვენა  მთელს მსოფლიოს თავისი სამარცხვინო საქციელი. პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კითხვას - უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ხომ არ შეიცვალა პოზიცია აგვისტოს ომის თავიდან აცილების საკითხზე, მან ასე უპასუხა: 

"ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კონდოლიზა რაისის ინტერვიუ cnn-თან და თქვა, რომ მათ იცოდნენ, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოში შეჭრას, ანუ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას. როცა ამის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად წამოეგება ამ პროვოკაციას, ეს არის ღალატი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა სხდომის მოწვევის საკითხს გუშინ ხელი მოაწერა, თუმცა მმართველმა გუნდმა მასში მონაწილეობაზე გუშინვე უარი თქვა.

ამ საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ "რიგგარეშე სხდომის გამართვის რეალური მიზანი უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი