პუტინმა აღვირი ახსნა ძალადობას და ქაოსს, მიუხედავად იმისა, მიაღწევს თუ არა წარმატებას ბრძოლის ველზე, ის უმძიმეს ფასს გადაიხდის - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

კონგრესში, ამერიკელი ერისადმი ყოველწლიურ მიმართვა ჯო ბაიდენმა უკრაინის შესახებ საუბრით დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ელის წინ.

"6 დღის წინ, რუსეთის ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა თავისუფალი სამყაროს საფუძვლის შერყევა, მაგრამ ის ძალიან შეცდა თავის კალკულაციაში. მან იფიქრა, რომ შეძლებდა უკრაინაზე გადავლას და მსოფლიოს გვერდზე გადგებოდა, ამის ნაცვლად მან მიიღო მტკიცე კედელი, რომელსაც ის არ ელოდა და ვერც წარმოიდგენდა - ის შეეჩეხა უკრაინელ ხალხს !

ყოველი უკრაინელის სიმამაცე, სიმტკიცე და მიზანდასახულობა პირდაპირი მნიშვნელობით შთააგონებს მსოფლიოს. უკრაინელები საკუთარი სხეულებით წინ ეღობებიან ტანკებს, ყველა სტუდენტიდან დაწყებული, მოხუცით, მასწავლებლები მშობლები და ჯარისკაცები იცავენ საკუთარ სამშობლოს. და ამ ტანჯვაში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში ევროპარლამენტში თქვა, ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე.

დიახ, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ - როდესაც დიქტატორები არ იხდიან საკუთარი ქმედებებისთვის ფასს, ისინი უფრო მეტ ქაოსს იწვევენ. ისინი აგრძელებენ და ამერიკელი ხალხისთვის, ასევე მსოფლიოსთვის, საფრთხეს ქმნიან. ამის გამო შეიქმნა ნატო-ს ალიანსი, რომ დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ.

პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმა იყო წინასწარ განზრახული და აბსოლუტურად არაპროვიცირებული. მან უკუაგდო დიპლომატიის განგრძობითი ძალისხმევები, მან იფიქრა, რომ დასავლეთი და ნატო მას არ უპასუხებდნენ, მან იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარ სახლში, ამ ერში, ამ კონგრესში ჩვენ გახლეჩვას, მან იფიქრა, რომ ის ასევე დაგვყოფდა ევროპაში, მაგრამ ის შეცდა. ჩვენ მზად ვართ! ჩვენ ერთიანნი ვართ და ესაა რაც გავაკეთეთ, ჩვენ ვრჩებით ერთიანნი!

ჩვენ ვემზადებოდით დიდხანს და ფრთხილად, ჩვენ თვეების მანძილზე ვაშენებდით კოალიციებს სხვა, მშვიდობის მოყვარულ ერებთან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იმისთვის, რომ პუტინისათვის წინააღმდეგობა გაგვეწია. როგორც თქვენ, მეც უთვალავი საათი გავატარე ევროპელებთან მოლაპარაკებებში. ჩვენ მსოფლიოს წინასწარ გავუზიარეთ რაც ვიცოდით პუტინის გეგმების შესახებ, ჩვენ რუსეთის ტყუილებს სიმართლე დავუპირისპირეთ და ახლა, ის მოქმედებაზე გადავიდა. თავისუფალი სამყარო მას ანგარიშს მოსთხოვს, ევროკავშირის 27 წევრთან ერთად. პუტინი ახლა სამყაროსგან ისეთი იზოლირებულია, როგორც არასდროს", - თქვა ბაიდენმა.

მან რუს ოლიგარქებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს:

"დღეს, მე ვეუბნები რუს ოლიგარქებს, რომლებმაც ძალადობრივი რეჟიმის აშენების შედეგად, მილიონობით დოლარის სარგებელი მიიღეს, რომ საკმარისია! ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ჩამოაყალიბა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს რუსი ოლიგარქების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მოვძებნით, კონფისკაციას გავუკეთებთ მათ იახტებს, მდიდრულ აპარტამენტებს, პირად თვიმფრინავებს, ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმისთვის უმძიმეს ფასს გადაიხდის.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკრაინას ვეხმარებით სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მიმართულებებით. ამ წელს, უკვე გავეცით 1 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის და ამას კიდევ გავაგრძელებთ. 

მე ნათლად ვაცხადებ, რომ ჩვენი ჯარები არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინის დასაცავად. ჩვენი ძალები ევროპაში არ მიდიან იმისთვის, რომ უკრაინისთვის იბრძოლონ, მაგრამ იქ არიან იმისთვის, რომ დაიცვან ნატო-ს წევრი ქვეყნები იმ შემთხვევაში თუ პუტინი დასავლეთით გააგრძელებს ომს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, კოლექტიური თავდაცვის სრული სიმტკიცით,  დაიცავენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. უკრაინელებისთვის მომდევნო დღეები, კვირეები და თვეები რთული იქნება, პუტინმა აღვირი აუხსნა ძალადობას და ქაოსს და მიუხედავად იმისა, ის მიაღწევს თუ არა წარმატებას ბრძოლის ველზე, ის გადაიხდის უმძიმეს ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი