პრივილეგიები ბიუჯეტის ხარჯზე - "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 110 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. კომპანიის საქმიანობას წლებია უკვე პროკურატურა იძიებს, საქმის აღძვრის მიზეზი კი - სოციალურად დაუცვლების მენიუდან თანხების სავარაუდო მიტაცება გახდა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება "ილი ჯგუფთან" ურთიერთობას ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აგრძელებს და მას სასურსათო შესყიდვების ყველაზე მსუყე კონტრაქტებს უფორმებს.
მიზეზი მარტივია - "ილი ჯგუფის" დამფუძნებლები მმართველი პარტიის ერთერთი ყველაზე გულუხვი შემომწირველები არიან.
თავდაცვის სამინისტროს ტენდერში კარგად ჩანს, რომ "ილის" შვილობილ "შპს ლუკა 2005-ს" გაყინული ღორის ხორცი უნდა მიეწოდებინა ჯარისკაცებისთვის. კონტრაქტს ხელი 24 თებერვალს მოეწერა, თუმცა კომპანია თვეების განმავლობაში არაფერს აკეთებდა.
გაცნობებთ, რომ შპს "ლუკა 2005-ის“ მიერ არ განხორციელებულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება. ასევე, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენს მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მიმწოდებელმა არ მოგვაწოდა სრული ინფორმაცია მოსაწოდებელი პროდუქციის შესახებ.
შესყიდვების სააგენტოს მსგავსი განცხადების შემდეგ ნებისმიერი სხვა კომპანია შავ სიაში მოხვდებოდა და ერთი წლის განმავლობაში ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. თუმცა, კანონის მოთხოვნები პრივილიგირებულებზე არ ვცრელდება. 28 მაისს გამოტანილი ვერდიქტის მიუხედავად, უკვე 4-5 ივნისს იგივე "ლუკა 2005" გამარჯვებულად გამოცხადდა კიდევ 2 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2,5 მილიონ ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება ამ წუთებშიც მზადდება, რომლის მიხედვით კომპანიამ ფუნთუშეულით ისევ ძალოვანი უწყებები უნდა მოამარაგოს. გამომძიებელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელსაც "ოცნებისთვის" 180 000 ლარზე მეტი აქვს შეწირული, რეალურად შავი სალაროს ფუნქციას ასრულებს და ტენდერებიდან დალექილი ფული ისევ ხელისუფლებასთან მიაქვს.
შეკითხვებზე პასუხების მისაღებად "ილი ჯგუფის" ოფისს მივაკითხეთ. მამაკაცი, რომელიც თავის თავის უფროსად გაგვეცნო, "მთავარი არხის" კამერას სპრინტერის სისწრაფით დაემალა. დახურულ კარს მიღმა დაიმალა კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელიც.
ის კომპანიები, რომლებიც შესიყდვების სააგენტომ შავ სიაში მაინც შეიყვანა, სანქციებს მარტივად აღწევენ თავს. 2020 წლის 18 თებერვალს სააგენტომ შავს სიაში შეიყვანა კომპანია "ჯ-7," იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო პოლიციელებისთვის საწვიმრების მიწოდება. თუმცა, კომპანიის 100%-იანმა მეწილემ, პაატა პლიანსკიმ 9 დღეში "შპს ჯეოტეკი" დაარეგისტრირა, უკვე ერთ თვეში კი - თავდაცვის სამინისტროსგან 75 000-ლარიანი დაკვეთა უკონკურსოდ და უპრობლემოდ მიიღო.
კომპანიის იურიდიულ მისამართზე არავინ დაგვხვდა, დირექტორმა კი ტელეფონით განგვიმარტა, რომ კანონმდებლობა მას არ უკრძალავს ახალი შპს-ს გაკეთებას და საქმიანობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას.
თუმცა, იმავე "ჯეოტეკის" შემთხვევაში, სახელმწიფომ ერთი დღით დაგვაინებული პროდუქციის გამო საჯარიმო სანქცია გამოიყენა. გაცილებით დიდი შესყიდვების შემთხვევაში კი - ხელისუფლება ხშირად ლოიალურობას იჩენს. რა ეპატიება კომპანიას და რა არა - სავარუდოდ, მათ მიერ გაღებული შემოწირულობების მოცულობაზეა დამოკიდებული.