
ბიუჯეტის პროექტის ბედი დღეს საბოლოოდ გადაწყდება. პროექტს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს, შემდეგ კი განსახილველად სესიაზე გაიტანენ.
ოპოზიციისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საგანგაშოა. მათი განმარტებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი არ შეესაბამება რეალობას და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება.
ეს ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის ინტერესებს, არ ემსახურება ხალხს. ეს ბიუჯეტი არ ემსახურება არც ეკონომიკის გადარჩენას. ეს ემსახურება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის თქმით, ბიუჯეტში არ არის შეკვეცილი ძირითადი ბიუროკრატიული ხარჯები.
ცალსახად გამოჩნდა ამ განხილვისას, რომ უბრალოდ ხედვის არარსებობის გამო უპატრონოდ რჩება მძიმე სოციალურ ეკონომიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. ასეთი ეკონომიკური ხედვით, ასეთი ბიუჯეტით მოსახლეობა გვრჩება რეალური დახმარების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკას კი არ ვაძლევთ, რომ სწრაფად დაიწყოს კრიზისის დაძლევა, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი აბესაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაა მოსალოდნელი.