
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რუსულ საგადასახადო სისტემასთან მიერთებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მელიამ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ სანქციების თავიდან ასარიდებლად შექმნილ სისტემაში ავიაკომპანია ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ ჩაერთვებოდა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ღალატია, რის გამოც შესაძლოა, სანქციების ქვეშ საქართველოც მოხვდეს.
"მოგეხსენებათ, რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით "Мир". ორი დღის წინ, საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ, ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თვის ასარიდებლად, ჩაერთო ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ისტორიული უმძიმესი და უპრეცედენტო სანქციებისგან გვერდის ავლაში. ასევე, ეს ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ, პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს ამით საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილი ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში. საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს საქართველოში", - აღნიშნა მელიამ.
მან პირადად პრემიერმინისტრს და ავიაკომპანიის პრეზიდენტს მიმართა:
"ირაკლი ღარიბაშვილო, გასაგებია, რომ შენი და შენი მთავრობის პოლიტიკა მთლიანად არის აცდენილი ხალხის პოზიციისგან, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მცდარი პოლიტიკა, ეს არის მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს დასჯადი. ღალატია, როდესაც თავიდან ბოლომდე ღიად ყველა შესაძლო ბერკეტებით ეხმარები პუტინის რეჟიმს.
მივმართავ ავიაკომპანიის პრეზიდენტს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგით მასთან ერთად, გასაგებია, რომ შემოსავალი განიჭებთ დიდ სიამოვნებას, მაგრამ არსებობს მორალური კატეგორიები, ამ ქვეყნისადმი სიყვარულის მცნება, დაფიქრდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხელს გიწყობთ, უარი უნდა თქვათ პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე", - თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" რუსი მოქალაქეებისთვის გადახდის სისტემაში რუსულ Мир-ს ამატებს. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, "მასტერქარდმა" და "ვიზამ" კი რუსეთი დატოვეს, საბანკო სისტემა Мир-ი ტრანზაქციის ერთადერთი საშუალებაა. საქართველოს ავიახაზების ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის პირადი სარგებელია.