"ქართულ ოცნებაში" კონტრაქციის ორგანიზებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ 20 ივნისს არანაირ დემონსტრაციას არ გეგმავენ. თავის მართლება დღეს პარტიის ლიდერებსაც მოუწიათ და თავად დეპუტატ მეზურნიშვილსაც, რომელიც კასპის მაჟორიტარია პარლამენტში.
პირველად მესმის, არანაირი აქცია, რას მელაპარაკებით, რა აქციაზეა საუბარი. ეს ვიცი, რომ 20 ივნისს თბილისში რაღაც ოპოზიციის აქცია იმართება, მაგრამ ეს ქართულ ოცნებასთან რა შუაშია? სრული სისულელეა, 1%-იც არ აქვს ამას სიმართლესთან ბმა, - ამბობს დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.
თბილისის მერი კახი კალაძე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირ კონტრაქციას "ქართული ოცნება" არ გეგმავს.
"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ჩაკარგულია თავის ტყუილებში.
ეს არის აბსურდი. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც "ფეიკ" ნიუსს და მერე თვითონ აკრიტიკებენ თავისივე შექმნილ ფეიკ ნიუსს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ 200 ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ოპოზიციური აქციებისთვის კონტრაქციის მოწყობა უკვე აპრობირებული პრაქტიკაა.
ცხადია, ნებისმიერი ფორმით დაპირისპირების ან რაიმე გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დიდწილად მოდის ხელისუფლებაზე, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა, მათ შორის, რომ მან უზრუნველყოს მშვიდობიანად შეკრებილი ხალხის მხრიდან მათი პროტესტის გამოხატვა, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ მთავრობას "გავრილოვის ღამეს" ჩადენილი შეცდომები შეახსენონ.