"ცრემლები მახრჩობს როცა ვხვდები, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მასთან არ ვიყავი" - შანაი ბრუკის ძმის ემოციური მიმართვა სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

მას უყვარდა ადამიანები, მათი ისტორიები და მას უყვარდა საქართველო. იმ ქვეყნებიდან, სადაც შანაის უცხოვრია, საქართველო იყო განსაკუთრებული. მას აქ უამრავი მეგობარი ჰყავდა და აპირებდა კერძო საკუთრების შეძენას - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს, მოკლული ავსტრალიელი ქალის ძმამ დღევანდელ სხდომაზე და ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

თუ მწუხარებას გავზომავთ ტალღებად, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიძირებით. შანაი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მე ცრემლები მახრჩობს როცა ვხვდები რომ ყველაზე საჭირო მომენტში მე მასთან არ ვიყავი.

როგორც მედიაში გაშუქდა ეს ამბავი, ამან უფრო გამიღრმავა ტრავმა. იმედი მაქვს, აღარ ვნახავ იმას, რაც ვნახე ტელეეკრანებზე. შანაის დაკარგვა ნებისმიერი გარემოების შედეგად, ეს არის უდიდესი დანაკარგი და მთელი ჩვენი ცხოვრების ტკივილი. ამ ტრავმამ დაიპყრო და დაფლითა ჩვენი გულები. ეს არის სავალალო დასასრული. რაც კიდევ უფრო უარესია, ეს არის იმის ცოდნა, რომ არაფერი შეედრება იმ ტანჯვას, რაც შანაიმ გადაიტანა ბოლო წუთებში. იმ სიტყვებს შორის, რომელიც მან უკანასკნელად წარმოსთქვა,მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს განსაკუთრებულად იმოქმედებს. ეს სიტყვები იყო: „მოაშორე შენი ხელები, რატომ აკეთებ ამას?!“. შანაიმ აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგა. ყველა მისი ოცნება, იმედი - დასრულდა. იგი ვეღარასოდეს ვეღარ გაიცინებს, ვეღარ იგრძნობს მზეს მის სახეზე, ვეღარ მოუსმენს მის საყვარელ სიმღერებს, ვეღარ ჩაიცვამს მწვანე და ლურჯ სამოსს, რაც მას ასე უყვარდა და იგი ვერასდროს ვერ გახდება დედა და მისი მამა ვერასოდეს ვერ მიაცილებს მას საკურთხეველთან. ეს მშვენიერი მზიანი დღეები ახლა არის ტანჯვა ჩემი ცხოვრების.

2 წლის წინ მე გამოვემგზავრე საქართველოში, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში შანაისთან ერთად. ეს არის ყველაზე ძვირფასი მოგონება ჩემთვის. გასულ წელს ჩვენ ვსაუბრობდით მშობლებთან და პარტნიორებთან, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში და გვენახა შანაი, ის იყო ძალიან გახარებული. სიამოვნებით გვიყვებოდა იმ ადგილების შესახებ საქართველოში, რისი ჩვენებაც ჩვენთვის უნდოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად შორს ცხოვრობდა შანაი ჩვენგან, ის ცხოვრობდა იქ, სადაც მას სურდა ცხოვრება.

შანაი ხშირად ესაუბრებოდა ტელეფონით დედას, თუმცა ახლა სრული სიჩუმეა. მთელი ცხოვრება ჩვენ შანაიზე მოგონებებით ვიცხოვრებთ. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გავიარეთ არის განუზომელი, ჩვენი ტრაგედიის განცდა არის კომპლექსური.

ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ შანაის მეგობრების, მათთან ყოველთვის ვალში ვიქნებით, ამასთანავე, ვღელავთ მათზე, მათ უსაფრთხოებაზე. თქვენი დედები, თქვენი მამები, თქვენი ქალიშვილები იმსახურებენ უსაფრთხოებას, რაც ჩემს დას არ ჰქონდა და როცა აქ მკვლელი თავისუფლად გადაადგილდება ქუჩებში, ეს ჩემთვის მიუღებელია.

რამდენად არის ადამიანის უსაფრთხოება თქვენს ქვეყანაში? რამდენად არის საქართველოში ადამიანის სიცოცხლე ღირებული? რამდენად არის იმის მცდელობა რომ ახალი მკვლელობის პრევენცია მოხდეს?! ის გადაწყვეტილება რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება ამ კითხვებზე პასუხი. სასამართლოს მიმართ პატივისცემით, ჩვენი ოჯახი ელის სამუდამოდ პატიმრობას, სხვას არაფერს.

შანაი ამას იმსახურებს, ჩვენი ოჯახი ამას იმსახურებს და ქართველი ქალები ამას იმსახურებენ. ჩვენი ოჯახი არ იღებს ბრალდებულის მობოდიშებას. ყველა ქალის სახელით - ჩვენი ოჯახი არ იღებს მის ბოდიშს. ბრალის აღიარება არ იმსახურებს შენდობას, ვინაიდან, შანაიმ ვერ მოიპოვა ეს შენდობა." თქვა მოკლულის ძმამ დღევანდელ სასამართლოზე

ბრალდებულმა კი საბოლოო სიტყვის სახით, ისევ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "შეეშალა":

"ვიცი რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა, მე ამას ვერ ავანაზღაურებ. გულწრფელად ვდგავარ თქვენს წინაშე და ბოდიშს ვიხდი, მაპატიეთ. მე მაგ დღეს ჩემი თავიც მოვკალი. მე არ ვარ ასეთი ადამიანი, მე ძალიან მრცხვენია, მრცხვენია ჩემი ქვეყნის. შემეშალა, ძალიან ცუდად შემეშალა, მაპატიეთ."

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

დააკავეს რაფაელ მურსაკულოვი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით(განზრახ მკვლელობა,ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) , რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი