დღეს მოლდოვას და საქართველოს განაცხადებს განვხილავთ - ვერსალში სამიტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

"გადავწყვიტეთ დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გამოვუყოთ უკრაინას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა, დავაწესებთ სანქციებს რუს ოლიგარქებზე",- თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა  ვერსალში სამიტის დაწყებამდე, რომელიც დღესაც გრძელდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის აპლიკაციების განხილვაც იგეგმება.

"განვსაზღვრეთ ახალი სტრატეგია, რათა ევროპა გახდეს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. საუბარია ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებზე. განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს, გვაქვს განაცხადები, რომელიც მოლდოვამ და საქართველომ შემოიტანეს და სწორედ მათ განვიხილავთ დღეს",- თქვა მიშელმა. 

შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ უკრაინისთვის ახლა მთავარი იმედი ევროკავშირია.

"ზელენსკიმ მთხოვა, ყველაფერი გაგვეკეთებინა რაც შეგვეძლო, რომ უკრაინისთვის იმედი მიგვეცა და ეს იმედი ევროკავშირია. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ იბრძვიან ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა ეს სიგნალი შესაძლოა, უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ მთავარი კომპრომისის მიღწევა იყო და ჩვენ ამ კომპრომისს მივაღწიეთ",- თქვა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, ვერსალში, ევროპული საბჭოს რამდენიმესაათიან საგანგებო შეხვედრაზე  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 10 მარტს  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის არჩევანს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი