10 მარტს, ვერსალის სასახლეში შეხვედრისა და დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო "აღიარებს უკრაინის მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს".
"ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების - თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ ახალი სანქციები წრაფად შემოვიღოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას ყველა უკრაინელი ლტოლვილსა და მათ მასპინძელი ქვეყნების მიმართ.
"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.", - წერია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს მითითებულია, რომ საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადებების შესახებ.