რუსმა აგრესორებმა ჩერნიგოვზე საჰაერო დარტყმები დილიდან ისევ განაახლეს. ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ჩაუსი ამბობს, რომ ოკუპანტები თავს ესხმიან ჰუმანიტარულ დერეფნებსაც.
მისივე თქმით, ქალაქში კატასტროფული ვითარებაა, რადგან დაბომბვის პარალელურად, მოსახლეობას არ აქვს გათბობა და სასმელი წყალი.
"მტერმა საჰაერო იერიშები ჩერნიგოვში დილიდან ისევ განაახლა. იერიში მიიტანეს სამოქალაქო ობიექტებზე. ღამესთან შედარებით, დილა უფრ დაძაბულია. ჰუმანიტარული დერეფნების დროს, მტერი ავიაიერიშებს აგრძელებს. არ ესმით, რომ ავტობუსებს ადამიანები გადაჰყავს.
ჩერნიგოვში კატასტროფული ვითარებაა. ადამიანები იყინებიან, რადგან არ არის გათბობა, არც სასმელი წყალი და ელექტროენერგია. ვცდილობთ, ადამიანებს ყველა აუცილებელი მედიკამენტი მივაწოდოთ და მოვამარაგოთ საკვები პროდუქტებით", - ამბობს ვიაჩესლავ ჩაუსი.
ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსული რაკეტები უკრაინის 8 ქალაქს დაეცა. იბომბება ჩერნიგოვი და ნიკოლაევი, სრულად განადგურდა ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი. მიწასთანაა გასწორებული ქალაქი ვოლნოვახა. მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქ კიევშიც, რომელიც ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული. ამ დრომდე ბლოკირებულია ქალაქი მარიუპოლი, სადაც ოკუპანტებმა იერიში ჰუმანიტარულ დერეფანზე მიიტანეს.