ქარელის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

მოსახლეობა ქარელის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს კორუფციასა და უკანონო გარიგებებში ადანაშაულებს. საქმე სოფელ რუისში სპორტული მოედნის მიმდებარედ 10 ათასი კვ/მ ფართობის მიწას ეხება.

რუისელთა მტკიცებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასამართლოს უარის მიუხედავად, ეს ტერიტორია მაინც გაასხვისა და ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩართული. მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ახლა ამ ფართის რუსულ კომპანია "ბიგ სერვისზე'' გადაცემას გეგმავს, რომელსაც ამ ტერიტორიაზე ელექტრომობილების გასამართი სადგურის მოწყობა სურს.

ხელისუფლება რუსული კომპანიისთვის სოფელ რუისის 10 ათას კვ/მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის გადასაცემად ბრძოლას განაგრძობს. ორი უარის შემდეგ, ტერიტორია საჯარო რეესტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაურეგისტრირა, მანამდე კი ამაზე თანხმობა საკრებულომ გასცა.

პარალელურად, ტერიტორიის დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებენ რუისელები. მათ გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

ეს არის სახელმწიფო სექტორებს შორის დიდი გარიგება, დიდი შეთქმულება - ახალგაზრდების წინააღმდეგ, რათა მათ წაართვან სპორტული მოედანი და გაურკვეველ კომპანიებზე გადასცენ და თავიანთი ბიზნეს-ინტერესები დაიკმაყოფილონ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ეს ფართობი კვლავ დაუბრუნდეს რუისის მოსახლეობას, - ამბობს რუისის მკვიდრი ვლადიმერ ბუზიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი  ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ ეს ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ძალადობს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობაზე და უკანონოდ ცდილობს სოფლის კუთვნილი ტერიტორია რუსულ კომპანიას ხელში ჩაუგდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი