შეკვეთილი მკვლელობის საქმის გახმაურების შემდეგ, სუსიის უფროსი, კამერებთან დღეს პირველად გამოჩნდა. ლილუაშვილის უწყებამ გიორგი გაბუნია დაკითხვაზე მხოლოდ საქმის გახმაურებიდან რამდენიმე დღეში, გუშინ დაიბარა, თუმცა ჟურნალისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, გამოკითხვაზე სასამართლოში მივა და მაგისტრი მოსასამართლის კითხვებს უპასუხებს.
გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება დეტალებს ნელნელა შეიტყობს და ჯერჯერობით, მეტი დეტალის გასაჯაროება არ შეიძლება.
გიორგი გაბუნიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ჟურნალისტის დაკითხვა უფრო ეფექტური პირდაპირ სასამართლოში იქნება. იგივე სიტუაციაა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც, რომელიც სუს-ის ნაცვლად, ასევე მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.
გაბუნიას ჩაბარდა უწყება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ავირჩიეთ, რომ მისი დაკითხვა მოხდეს მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით. ნიკა გვარამიას შემთხვევაშიც ჩვენ შევატყობინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ არ ვაპირებთ მისვლას და შესაბამისად, მისი დაკითხვა მოხდეს სასამართლოში, თუკი ამის სურვილი გააჩნია სუს-ს, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან სუს-ისადმი უნდობლობითაა გამოწვეული.
გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას დაკითხვის ვადები დამოკიდებულია სუს-ის გადაწყვეტილებაზე.