
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როცა ასეთ დროს ტელევიზია "მათი მტკიცებით" ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის პირად ჩანაწერს აქვეყნებს, ეს ღიმილისმომგვრელთან ერთად ტრაგიკული მოვლენაა.
"აუდიოჩანაწერი ერთი, რომ არის სისულელე, მეორე, კაცმა არ იცის ეს არის ავთენტური თუ არ არის ავთენტური, ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა რა იყო წყარო, წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "საინტერესოა წყარო რუსული მხარე ხომ არ იყო, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია".
სოციალურ ქსელში "კიბერკამარას" სახელით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერის მიხედვით, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება.