საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კვლავ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმების პირობებზე "მთავარი" დიპლომატ კურტ ვოლკერს ესაუბრა. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის შეთანხმების დეტალები და ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პუნქტი ბოლომდე შესრულდეს.
8 მარტის შეთანხმების შესრულება ორივე მხრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია... მესმის პოლიტიკური ორაზროვნება ასეთ დროს, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ არიან პოლიტპატიმრები და მეორე მხრივ, ამას ხელისუფლება უარყოფს. ეს პრობლემა არაა. პრობლემა არის კომბინაცია, როცა ადამიანებს შესაძლოა ჩადენილი აქვთ ისეთი რამ, რის საფუძველზეც შესაძლოა მათი დაკავება, მაგრამ ამის გამო პოლიტიკური დევნა იწყება შერჩევითად და ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია, - განმარტავს ვოლკერი.
საერთაშორისო პარტნიორები ირწმუნებიან, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება გამოიწვევს საზოგადოების კონსოლიდაციას. ამას გარდა, საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას უზრუნველყოფს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება "ქართული ოცნებისთვის" დღეს ყველაზე ხელსაყრელი ნაბიჯია.
ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას რურუას დაპატიმრებაზე. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის არის, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს, 8 მარტის შეთანხმება შედგეს და ოპოზიციას მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი აღნიშნავს, რომ დასავლელ პატრნიორებს აქვთ პრინციპული და პრაგმატული ინტერესი, რომ საქართველო იყოს ძლიერი და სუვერენული ქვეყანა, ივანიშვილის ნაბიჯები კი მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა გუშინ "ქართულ ოცნებას" დადებული პირობა კიდევ ერთხელ შეახსენა. ტუსკი მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგარ 8 მარტის შეთანხმებას, როგორც პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან გიორგი რურუა ამ დრომდე ციხეში რჩება.