მოგიწოდებთ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ - დონალდ ტუსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე დონალდ ტუსკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპის სახალხო პარტია" მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რვა მარტის შეთანხმებას, როგორც პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას. თუმცა, უწინდებურად შეშფოთებულები ვართ, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისაკენ, - წერს ტუსკი. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" სრულად ამ დრომდე არ შეუსრულებია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა, გიორგი რურუა კი ამ დრომდე საპატიმროში რჩება. 

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი