რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას აგრძელებენ.
კიევში, დარნიცკის რაიონში რუსული რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მომხდარის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ოკუპანტების კიევზე შეტევის შედეგად, დაზიანებულია დაბალი წნევის გაზსადენიც. რუსეთმა რაკეტები კიევის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ერთ-ერთ სოფელსაც ესროლა. ჭურვები ჩამოყარეს ხარკოვშიც, რომელთაგან ერთი სკოლის შენობას დაეცა. დანგრეულია კულტურის სახლიც. მტრის თვითმფრინავმა ხარკოვის თავზე წუხელ რამდენჯერმე გადაიფრინა. ჭურვები მოხვდა რამდენიმე კერძო სახლს პოდოლსკის რაიონშიც. სამი რაკეტა ოკუპანტებმა ქალაქ სარნას მიმართულებით ისროლეს.