უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 17 მარტის დილის მდგომარეობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგ ოლქებში: კიევი - 52, ხარკოვი - 34, დონეცკი - 25, ჩერნიგოვი - 24, მიკოლაევი - 20, ჟიტომირი - 15, სუმი - 14, ხერსონი - 10.
დაბომბვისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 411 სასწავლო დაწესებულება, აქედან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი - 119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 77 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში.
დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.
პროკურატურაში მარიუპოლის თეატრის დაბომბვაზეც საუბრობენ, სადაც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მათი თქმით, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით ისევ შეუძლებელია, რადგან რუსი ოკუპანტები მარიუპოლის დაბომბვას განაგრძობენ.
ამასთან, უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსი აგრესორების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.