"ამ ადამიანებს უხაროდათ თეატრში ყოფნა, ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ... არ ვაპატიებთ მათ, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა" - მარიუპოლის მერი

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსი ოკუპანტების სისასტიკეზე საუბრობს. ის ამბობს, რომ აგრესორები მუდმივად არღვევენ "სიჩუმის რეჟიმს" და ჰუმანიტარულ დერეფნებში მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლს უხსნიან. 

მისივე თქმით, რუსებმა დამიზნებით გაანადგურეს მარიუპოლის თეატრი, სადაც მოქალაქეები იმალებოდნენ.

"ძნელია იმაზე საუბარი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბერდიანსკში ვიყავით და ჩვენი მარიუპოლელების ევაკუაციას ვახორციელებდით. 5 დღე გვპირდებოდნენ, 5 დღე გვატყუებდნენ და 5 დღე ვოცნებობდით ათასობით მარიუპოლელის გადარჩენაზე. არ გვაშინებდა არაფერი, არც ავტომატები, არც ტყვია და არც ოკუპანტების კოლონები. ჩვენი მიზანია მხოლოდ ერთი - მარიუპოლელების დახსნა და მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო, თუმცა როგორც ყოველთვის, ახლაც მოგვატყუეს. გახსნეს ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა ცეცხლიც გახსნეს. ჩვენი მოქალაქეები "გრადების" და ჭურვების სამიზნე გახდნენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქალაქი მარიუპოლი 6 500 მა მანქანამ დატოვა. ჩვენთვის მთავარი იყო იმის დანახვა, რომ ეს ადამიანები გადარჩნენ და სიცოცხლის ახალი შანსი მიიღეს.

დღეს კიდევ მორიგი საშინელება მოხდა. დამიზნებით გაანადგურეს მარიუპოლის დრამის თეატრი, სადაც ჩვენები იმალებოდნენ. ამ ადამიანებს უხაროდათ თეატრში ყოფნა, ეგონათ უსაფრთხო იყო და ამბობდნენ, თუ როგორ გაუმართლათ. სამწუხაროდ, დღეს ბევრ მათგანს არ გაუმართლა და ეს საშინელი ტრაგედიაა. არ დავნებდებით, ყველაფერს ვიზამთ, რომ ადამიანები გადავარჩინოთ. ამის დაჯერება რთულია. გვინდა, თვალები დავხუჭოთ და ეს ყველაფერი ისე დავივიწყოთ, როგორც საშინელი სიზმარი, თუმცა როგორც კი ვახელთ, ისევ ამ საშინელებას ვხედავთ. გპირდებით, დადგება დღე, როდესაც ჩვენს ქალაქს ფეხზე დავაყენებთ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გავაცოცხლებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ომმა იმსხვერპლა. მათ არასდროს დავივიწყებთ, მაგრამ არ ვაპატიებთ და არ დავივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა. ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მარიუპოლი, ეს უკრაინაა", - ამბობს მარიუპოლის მერი.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე შეუძლებელია, რადგან რუსი ოკუპანტები ქალაქს ისევ ბომბავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი