უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინულმა არმიამ რუსული არმიის ერთ-ერთი რაზმი გაანადგურა.
როგორც მან აღნიშნა, ეს დიდი წარმატებაა და შესაძლოა, რამდენიმე რუსი გენერლის ლიკვიდაციასაც ნიშნავდეს.
"ომის 22-ე დღეს, მტრისა და ჩვენი არმიის მდგომარეობა საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა ჩვენმა არმიამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. განადგურებულია რუსული არმიის ერთ-ერთი რაზმი. ეს დიდი წარმატებაა, რომელიც შეიძლება, რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციასაც კი ნიშნავდეს, ასევე, მტრის მიერ ბრძოლების დროებით შეჩერებას და დეზორგანიზებას. კარგად იმუშავა ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ. გუშინ 10 საჰაერო სამიზნე განადგურდა, მათ შორის 5 თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა", - ამბობს არესტოვიჩი.
მისივე თქმით, მტერი მიხვდა, რომ უკრაინის არმიასთან ვერც სახმელეთო და ვერც საჰაერო ბრძოლაში იმარჯვებს, ამიტომ დარტყმებს ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე ახორციელებენ.
"ისინი დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. გუშინ მელიტოპოლის თეატრზე მიტანილი იერიში ვნახეთ. დანაკარგებს ახლა ვადგენთ. ამ სამხედრო დანაშაულმა საერთაშორისო კრიტიკა უკვე გამოიწვია. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებებზე დაყენებულ საკითხებზე უარი ვთქვით, ესეც სიცრუეა. ჩვენ ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს არასდროს დავთმობთ", - თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.