გაეროს მონაცემებით, ომის გამო, უკრაინელების 23%-მა საცხოვრებელი დატოვა | ოფიციალური ცნობები ქალაქებიდან 

გამოქვეყნდა:

უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო - ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალ მოხსენებაში.

თითქმის 6,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით, 3,3 მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა და ლტოლვილად იქცა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანახმად, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. ამავდროულად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ნამდვილი რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ძალადობრივი შეტაკებები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ვითარება კვლავ გაუარესებულია მარიუპოლში, სადაც ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 2,350 ადამიანი, თუმცა შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა ორჯერ მეტი იყოს. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსების 80% დაზიანდა, აქედან 30%-ის აღდგენა შეუძლებელია.

ვითარება მძიმეა ნიკოლაევშიც, სადაც, Human Rights Watch-ის უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაზიანდა სახლები, ბიზნესცენტრები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ხერსონის ოლქში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობა 45 750-ს აღწევს. 

ამასთან, 16 მარტს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 933 000-ზე მეტი მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი