ანტისაოკუპაციო აქციები ხერსონში, მიწასთან გასწორებული მარიუპოლი და საჰაერო იერიშები კიევზე | ბოლო ცნობები უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივებს, რომლებმაც საცხოვრებლები არ, ან ვერ დატოვეს, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაზი, წყალი და საკვები.

ქალაქში დილიდან გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა ოკუპანტებმა "სიჩუმის რეჟიმი" კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უცნობია, რამდენმა ადამიანმა მოახერხა მარიუპოლის დატოვება დღეს.

ისინი, ვინც ქალაქიდან გამოსვლა შეძლო, ჰყვებიან, თუ რა მძიმე ვითარებაში უწევდათ ყოფნა ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ.

"მარიუპოლი აღარ არსებობს მიწასთანაა გასწორებული. 10 დღე სარდაფში ვისხედით და გარეთ ვერ გამოვდიოდით, წყალიც კი არ გვქონდა. საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება ან რა უნდა ვქნა", - ამბობენ მოქალაქეები. 

რაც შეეხება კიევს, დედაქალაქზე საჰაერო იერიში რუსეთის არმიამ დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა, არიან გარდაცვლილები. პირველადი მონაცემებით, ქალაქ მაკაროვში 7 ადამიანი გარდაიცვალა და 5 მძიმედაა დაშავებული.

საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეში დაღუპულთა რიცხვი კი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი სახელმწიფო მოხელე. დაზიანება კი 17-მა მოქალაქემ მიიღო. მიუხედავად შეტაკებისა, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ოკუპანტები წინ ვერ მიდიან და ამის გამო ბომბავენ მშვიდობიან მოქალაქეებს.  

დროებით ოკუპირებულ ხერსონში ისევ გრძელდება ანტირუსული გამოსვლები, ადგილობრივებმა დღეს რამდენიმე შენობაზე ისევ გადმოფინეს უკრაინის დროშები და დააწერეს რომ ხერსონი უკრაინაა. მათ რუს სამხედროებს ქალაქის ცენტრში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. უკრაინელებმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს და თქვეს, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილად დარჩება. 

სხვადასხვა ქვეყნები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. უკრაინამ ისრაელისგან 17 ბრონირებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მიიღო. ყველა მანქანა ხარკოვის ოლქში გააგზავნეს. 

დღესვე ზელენსკიმ უკრაინელი ჯარისკაცები დააჯილდოვა. სამხედროებმა ორდენი სახელმწიფო მნიშვნელობის ადმინისტრაციული შენობების დაცვისა და მოწინააღმდეგის შესაძლო ქმედებებზე ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზებისთვის მიიღეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი