უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში, ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, უკრაინასაც ეწვევა.
მისი თქმით, ეს იქნება სწორი ნაბიჯი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ერთად არის.
"ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, უკრაინის ძალიან კარგი მეგობარი ჯო ბაიდენი გლობალური მსოფლიოს ლიდერი, რომელიც ახლა აჩვენებს ლიდერობას, კარგი იქნებოდა, რომ მომავალ კვირას ჩამოსულიყო უკრაინაში ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად. ეს იქნებოდა უკიდურესად სწორი ნაბიჯი იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის მიწისთვის, ჩვენ ვიბრძვით უკრაინის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, ასევე თქვენთვის, შეერთებული შტატებისთვის. ჩემი თხოვნაა დაგვეხმაროთ მსოფლიოს გადარჩენაში, დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ევროპა, გადაგარჩინოთ თქვენ", - მიმართა პოროშენკომ ბაიდენს.
უკრაინის ყოფილმა პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "შეშლილი მანიაკია" და თქვა, რომ უკრაინელებს აქვთ "ტყვიაგაუმტარი ერთიანობა". პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მოწოდებითაც გამოვიდა და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაც მოითხოვა.