რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის 4 000-4 500 მცხოვრები იძულებით გადაიყვანეს საზღვრის გავლით ტაგანროგში - ამის შესახებ ინფორმაციას NYT-ის ჟურნალისტი მარიუპოლის მერის მოადგილის, პიოტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი Facebook-ზე წერს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ რუსებმა მარიუპოლიდან ათასზე მეტი ადამიანი გაასახლეს. მათი უმეტესობა მარცხენა სანაპიროს რაიონის მაცხოვრებლები არიან.
"ოკუპანტები მარიუპოლის მცხოვრებლებს ბანაკებში აგზავნიან, ტელეფონებს ამოწმებენ და უკრაინულ დოკუმენტებს ართმევენ. ამის შემდეგ აგზავნიან რუსეთის ტერიტორიაზე; მეორე ნაწილის ბედი უცნობია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა შესაძლო ნორმის დაუშვებელი დარღვევა! ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ მარიუპოლის ძველ ცხოვრებას, არამედ ხელს უშლიან მათ ახლის დაწყებაში, აქცევენ მათ უუფლებო მონებად, მძევლებად თავიანთ ტერიტორიაზე! რუსეთში გატაცებული მარიუპოლის მაცხოვრებლების დახმარება უკიდურესად რთული იქნება.
მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას: მოახდინეთ ზეწოლა რუსეთზე და მის განრისხებულ ლიდერზე! 21-ე საუკუნეში დეპორტაცია ხდება ცენტრალურ ევროპაში! ეს კოშმარს ჰგავს, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. რუსეთი უნდა დაისაჯოს! უკრაინელები უნდა გათავისუფლდნენ!", - წერს პავლო კირილენკო.