
"ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დავით ველიჯანაშვილი ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ.
დაკავებულს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და პროფესიული საქმიანობის გამო დევნის მუხლით ედავებიან.
"მოძალადეებს დაუსჯელობის სინდრომი უკვე გაუმყარდათ, რომ მარტივად შეუძლიათ მივიდნენ ნებისმიერ ჟურნალისტთან, ოპერატორთან და თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელი შეუშალონ, შემდეგ კი ამისთვის არანაირი სასჯელი არ მიიღონ. ოპტიმისტური მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს. არსებობს გარკვეული საფრთხეები და ამ საფრთხეები თავიდან ასარიდებლად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი არ იყოს გარეთ", - თქვა ჟურნალისტმა, ნანო ჩაკვეტაძემ.
პროცესზე დავით ველიჯანაშვილმა დანაშაული აღიარა. საქმის განხილვა 11 მაისს გაგრძელდება.